English / ქართული / русский /
მალხაზ ჩიქობავა
კლაუს შვაბის „დიადი გადატვირთვა“ - გზა ნეოტოტალიტარიზმისკენ

ანოტაცია. სტატიაში გაანალიზებულია „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ უცვლელი თავმჯდომარის კლაუს შვაბის წიგნი „კოვიდ-19: დიადი გადატვირთვა“;  მისი იდეური იდენტობა მილტონ ფრიდმანთან და თანამედროვე ვირუსულ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე გლობალური მასშტაბით ცხოვრებაში „დიადი გადატვირთვის“ პრინციპების დანერგვის პერსპექტივები.  

სტატიაში აღნიშნულია, რომ ნახევარი საუკუნის წინათ, 1971 წელს, რაც შეიქმნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, დაიწყო მომზადება „კაპიტალიზმის რადიკალური რეფორმირებისათვის“, „დიადი გადატვირთვისათვის“, „ზემოდან რევოლუციისათვის“. თუმცა, ჰერბერტ უელსის ნაშრომის „ღია შეთქმულება“ და პროფესორ კლაუს შვაბის წიგნის „დიადი გადატვირთვა“ შედარებისას აშკარად ჩანს, რომ მსოფლიო ელიტის გეგმები მსოფლიოს ეკონომიკური და პოლიტიკური გარდაქმნის თაობაზე თითქმის 90 წელია მიმდინარეობს, რომელმაც მხოლოდ მცირედი ცვლილება განიცადა. კლაუს შვაბისეულ „ინკლუზიურ კაპიტალიზმში“ იგულისხმება ისეთი სოციალურ-ეკონომიკური მოდელი, რომელშიც გადაიზრდება არსებული კაპიტალიზმი, მაგრამ ამავე დროს რჩება კაპიტალიზმად.

ამგვარი კაპიტალიზმის კონცეფცია ყველაზე გულახდილად ჩამოაყალიბა ამერიკელმა ეკონომისტმა მილტონ ფრიდმანმა, რომელიც პირდაპირ აცხადებდა იმას, რის თქმასაც სხვები ერიდებოდნენ: არავითარი სხვა პასუხისმგებლობა ბიზნესს, გარდა მესაკუთრეების (აქციონერების) მიერ მაქსიმალური მოგების მიღებისა, არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს, ხოლო ნებისმიერი საუბარი „სოციალურ პასუხისმგებლობაზე“ - მხოლოდ ლაყბობაა. მილტონ ფრიდმანის სიტყვებით „ბიზნესის ბიზნესს წარმოადგენს ბიზნესი“, რომელიც მკაფიოდაა გადმოცემული მის 1970 წლის სტატიაში „ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარი მოგების ზრდაა“.

სტატიაშია საუბარია „ინკლუზიურ“ კაპიტალიზმზე - ახალ უტოპიაზე, რომელშიც, შვაბის აზრით, მშრომელები არ გამოირიცხებიან საზოგადოებრივი სიმდიდრის სამართლიანი წილის მიმღებთა სიიდან, არამედ ამ რიცხვში შედიან. როგორც კლაუს შვაბი წერს: „მწვავეა გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოებას შორის დესინქრონიზაციის პრობლემა, რომელთა ჰორიზონტი ძალიან განსხვავებულია და მასთან გამკლავება პანდემიის ფონზე რთული იქნება. შოკის სისწრაფე და მიყენებული ტკივილის სიღრმე შეუდარებელია საკითხის პოლიტიკურ მხარესთან“.

ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, მსოფლიო ეკონომიკა და განსაკუთრებით, არსებული მსოფლიო სავალუტო სისტემა, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფის ზღვარზე იმყოფება.

საკვანძო სიტყვები:  კოვი-19, ინკლუზიური კაპიტალიზამი, „დიადი გადატვირთვა“, „სოციალურად პასუხისმგებელი კაპიტალიზმი“, „უპირობო საბაზისო შემოსავალი“, ბრეტონ-ვუდსის სისტემა, ბანკორი, სესხის მიღების სპეციალური უფლება. 

*** 

იმისათვის რომ გავიგოთ, თუ რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს ჩვენს ეკონომიკაში, უნდა ვიცოდეთ, თუ რა ხდება მსოფლიო ეკონომიკაში. რა თქმა უნდა, მოვლენებისა და პროცესების მთავარი ფაქტორი, რომელიც მოხდა მსოფლიო ეკონომიკაში, იყო „COVID-19“.

2020 წლის პირველ ნახევარში ყველას აინტერესებდა, თუ საიდან გაჩნდა ეს საშინელი ვირუსი და კიდევ რამდენი ხანი გატანჯავს ის კაცობრიობას. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არა თვით ვირუსისგან, არამედ ხელისუფლებების იმ პოლიტიკისგან, რომლებმაც მიიღო „Lockdown“-ის სახელწოდება და რომელიც გამოიხატება ადამიანების აიძულებითი „თვითიზოლაციით“, „დისტანცირებითი“, „ნიღბების ტარების რეჟიმით“, ბიზნესების დახურვით, შეზღუდვებით, მუშაკთა დისტანციური მუშაობით და სხვ. მაგრამ, 2020 წლის ივლისში გამოვიდა საყოველთაოდ ცნობილი კლაუს შვაბის (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის უცვლელი ხელმძღვანელის) წიგნი სახელწოდებით „COVID-19: The Great Reset“ („კოვიდ-19: დიადი გადატვირთვა“). მასში პროფესორმა შვაბმა, რომელიც უთუოდ მიეკუთვნება მსოფლიო ელიტის ვიწრო წრეს და გამოხატავს მის ინტერესებს, გაამხილა მრავალი საიდუმლო.

პირველი, მსოფლიო ელიტა უკვე დიდი ხანია, რაც ამზადებს „რევოლუციას ზემოდან“, მაგრამ ამისათვის ყველაფერი ჯერ კიდევ არ იყო მზად. 2020 წელს ის დაიწყო. მის ხილულ გამოვლინებად იქცა მასობრივი, გლობალური lockdown-ი.

მეორე, ე.წ. „პანდემია COVID-19“, რომელმაც საფუძველი შეუქმნა lockdown-ს და ადამიანებს წაართვა ნორმალური ცხოვრება. პროფესორი სვამს რიტორიკულ კითხვას: „როდის მოხდება „ნორმალური“ ცხოვრებისკენ დაბრუნება? და თავად იძლევა ცინიკურ, მაგრამ გულახდილ პასუხს: „არასოდეს“.  „პანდემია“ და lockdown-ი სამუდამოდ გაგრძელდება.

მესამე, ის მცირედით აღგვიწერს იმ საოცარი ახალი სამყაროს სურათს, რომელიც უნდა წარმოიშვას „დიადი გადატვირთვის“ შედეგად.

ეს ბოლო თეზისი უფრო დაწვრილებით ავხსნათ.

კლაუს შვაბი მკითხველს აცნობებს: ყველა ის სისულელე, რომელსაც „ეკონომიკურ ლიბერალიზმს“ უწოდებენ და, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ინერგებოდა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ. კაცობრიობა მომწყვდეულია პოსტკაპიტალიზმში, სადაც ელიტა იბატონებს (პლანეტის მოსახლეობის 1% - მოსამსახურეებთან ერთად), ხოლო დანარჩენი ნაწილი (99%) მონები იქნებიან, ციფრულ საკონცენტრაციო ბანაკში მოთავსებული.

რა თქმა უნდა, „პოლიტკორექტული“ პროფესორი შვაბი ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: „მონები“, „საკონცენტრაციო ბანაკი“, არ იყენებს. მაგრამ, თუ ჩავუღრმავდებით მის მიერ შემოთავაზებულ „დიად გადატვირთვას“, შემდეგ დასკვნამდე მივალთ: მაგალითად, მისი წინადადება „საოცარ ახალ სამყაროში“ მოქალაქეთა მკაცრი ციფრული კონტროლის შესახებ ნიშნავს იმას, რომ ისინი იქნებიან ელექტრონული ქუდის ქვეშ, ციფრულ საკონცენტრაციო ბანაკში.

კლაუს შვაბი გამოთქვამს ლამაზ სიტყვებს „თანასწორობაზე“ მომავალ სამყაროში. დიახ, სწორედ ასე იქნება. საუბარია მონების თანასწორობაზე, ე.ი. კაცობრიობის 99%-ზე. შვაბი საუბრობს ძველი კაპიტალიზმის ისეთ „ცრურწმენებსა“ და „რუდიმენტებზე“, როგორიცაა მოგება, საკუთრების უფლება, საწარმოს სააქციო ფორმა და ა.შ.. ყველაფერი ეს ლიკვიდირებულ უნდა იქნეს ნებაყოფლობით-იძულებითი წესით. კაპიტალისტ-მესაკუთრეთა ადგილას მოვა „მოსარგებლეთა ეკონომიკა“. მოკლევადიანი სპეკულაციური მოგება უნდა ჩაანაცვლოს ღირებულების მდგრადმა და გრძელვადიანმა ზრდამ, რომელიც ვითომ მთელი კაცობრიობისათვის შეიქმნება. მაგრამ, ფაქტობრივად, მას გააკონტროლებს მხოლოდ ელიტა - იგივე „ოქროს პროცენტი“.

აქციონერული ფორმის კომპანიებს ბოლო მოეღებათ. აკი ამგვარ კომპანიებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - ნებისმიერ ფასად მოგების მაქსიმიზაცია, აქციონერების ინტერესებიდან გამომდინარე. ამ უკანასკნელთ, გარდა მოგებისა და დივიდენდებისა, არაფერი აინტერესებთ. აქციონერთა კაპიტალიზმის ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს ე.წ. სტეიქჰოლდერთა კაპიტალიზმად - ანუ „ყველა დაინტერესებული მხარის კაპიტალიზმად“. და ვინ არიან ეს სტეიქჰოლდერები? - მხოლოდ და მხოლოდ უმსხვილესი კორპორაციები. მათგან უმრავლესობას ჩვენ ვუწოდებთ „ტრანსნაციონალურ კორპორაციებს“. ხვალ უკვე ასეთი სახელწოდება შეიძლება არაკორექტული, აბსურდულიც კი გახდეს. რატომ? იმიტომ, რომ ეროვნულ სახელმწიფოებს შორის ზღვრები წაიშლება, ისინი უბრალოდ აღარ იარსებებენ.

შვაბის თანახმად, ეროვნული სახელმწიფო ანაქრონიზმია - ძველი კაპიტალიზმის გადმონაშთი. მისი აზრით, ჩვენ უნდა ვეცადოთ გავაქროთ ეროვნული საზღვრები, ეროვნული სახელმწიფოები, ხოლო „ახალ საოცარ სამყაროში“ კორპორაციები იქნება არა „ტრანსნაციონალური“, არამედ „გლობალური“. გლობალურმა კორპორაციებმა თანდათანობით უნდა აიღონ თავიანთ თავზე სახელმწიფოს ყველა ფუნქცია, სინამდვილეში იგეგმება სახელმწიფოს პრივატიზაცია.

ამასთან, სახელმწიფოს მომავლის საკითხში შვაბი ძალიან ფრთხილად მსჯელობს. გარდამავალ პერიოდში შეიძლება ელიტას ის ძალიან დასჭირდეს. ბოლოს და ბოლოს, რასაკვირველია, ყველას არ მოუნდება ნებაყოფლობით შევიდეს „საოცარ ახალ სამყაროში“ (ანუ ციფრულ საკონცენტრაციო ბანაკში). ამისათვის საჭირო გახდება ძალა, მათ შორის, პოლიცია და ჯარიც კი, რათა „დისიდენტები“ შერეკონ „ნათელ მომავალში“ და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც ყველა ციფრულ საკონცენტრაციო ბანაკში იქნება, შესაძლებელი იქნება ყოფილი სახელმწიფოების საბოლოოდ გაუქმება. უმაღლესი მმართველი ინსტიტუტი იქნება მსოფლიო მთავრობა, რომელიც დაეყრდნობა გლობალურ კორპორაციებს.

ასე რომ, შვაბი საუბრობს მსხვილ კორპორაციებზე, როგორც ახალი კაპიტალიზმის ხერხემალზე. სად არის მცირე და საშუალო ბიზნესი? - მათი ადგილი ამ კონსტრუქციაში არ რჩება. მიმდინარე lockdown-ის დროს მცირე და საშუალო ზომის კომპანიები უკვე გაწმენდილია. და რა უნდა გააკეთოს მილიონობით ადამიანმა, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ ეკონომიკის ამ სექტორში? კლაუს შვაბის აზრით, ზოგიერთი მათგანი აყვანილ უნდა იქნეს სამუშაოდ მსხვილ „სოციალურად პასუხისმგებელ“ კორპორაციებში.

მაგრამ გათავისუფლებული მუშაკების უმეტესობა ვერ დასაქმდება. უფრო მეტიც, კლაუს შვაბი მხარს უჭერს რობოტებისა და ყველა სახის ავტომატის უფრო ფართოდ გამოყენებას, რომელიც შეცვლის ცოცხალ შრომას, თანაც, არა მარტო ფიზიკურს, არამედ გონებრივსაც. პროფესორი დიდი ხანია გატაცებულია ამ რობოტებითა და ავტომატებით. მაგალითად, ავიღოთ მისი წინა წიგნი, „მეოთხე სამრეწველო რევოლუცია“ (2016), სადაც იგი აღწერს ციფრული, ნანო- და ბიოტექნოლოგიური რევოლუციის შედეგად მოსალოდნელ ეკონომიკურ ცვლილებებს. სხვათა შორის, უკვე ამ წიგნში შვაბმა ისაუბრა კაპიტალიზმის ახალ ტექნოლოგიურ ბაზასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობის შესახებ.

იმისათვის, რომ შვაბის წინადადებამ ახალი საოცარი სამყაროს მოწყობაზე არ გამოიწვიოს ხალხში შიში და პროტესტი, ის ამშვიდებს ადამიანებს სოციალური ამორტიზატორების შემოღებაზე დაპირებებით, რომლებიც გააიოლებს წარმოშობილი გადატვირთვის გადატანას. ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ სამუშაოებისა და შემოსავლების დაკარგვის, რომ შვაბის მიერ შემოთავაზებული მოდელი ატარებს „სოციალურად პასუხისმგებელი კაპიტალიზმის“ სახელწოდებას. ამგვარი „პასუხისმგებლობის“ ერთ-ერთი გამოვლინებაა ე.წ. „უპირობო საბაზისო შემოსავლის“ შემოღებაზე დაპირება. ასეთი გარანტირებული, მუდმივი, სახელმწიფოს ყველა მოქალაქეზე გავრცელებული და საარსებო მინიმუმის ტოლი შემოსავლის მიღების იდეა ათწლეულებია ტრიალებს ცალკეული პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეთა და ეკონომისტების გონებაში. ექსპერიმენტებსაც კი ჰქონდა ადგილი „უპირობო საბაზისო შემოსავლის“ შემოღებაზე ზოგიერთი, უპირატესად ევროპული ქვეყნის ცალკეულ ქალაქებსა და რეგიონებში.

ყველაზე ახლოს „უპირობო საბაზისო შემოსავლის“ შემოღებასთან იყო შვეიცარია, სადაც 2016 წელს რეფერენდუმიც კი ჩატარდა მოცემულ საკითხზე. „უპირობო საბაზისო შემოსავლის“ პროექტი, რომელიც გატანილ იქნა საყოველთაო ხმის მიცემაზე, ითვალისწინებდა ყოველი ზრდასრული მოქალაქისათვის 2500 შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 2250 ევროს) გადახდას. მაგრამ, მრავალთათვის მოულოდნელად ალპური რესპუბლიკის მოქალაქეთა უმრავლესობამ ეს იდეა უარყო. უფრო ზუსტად, მათ არა ამ შემოსავლის, არამედ გადასახადების მოსალოდნელი ზრდის წინააღმდეგ მისცეს ხმა, რადგანაც „უპირობო საბაზისო შემოსავლის“ პროექტის პრაქტიკულად განხორციელებისათვის შვეიცარიის კონფედერაციას უნდა გაეზარდა ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილი, რისთვისაც საჭირო იყო გადასახადების დაახლოებით ორჯერ ზრდა. მიმდინარე „COVID-19-ის პანდემიის“ დროს, „უპირობო საბაზისო შემოსავლის“ იდეა კვლავ პირველ ადგილზე დადგა, მაგრამ ვერცერთმა ქვეყანამ ვერ გაბედა მოქალაქეებისთვის ასეთი გარანტირებული ფინანსური დახმარების გაწევა. საუკეთესო შემთხვევაში ყველაფერი შემოიფარგლებოდა ე.წ. „ვერტმფრენის ფულის“ განაწილებით. მაგალითად, შეერთებულ შტატებში, სადაც 2020 წლის აპრილში ზრდასრულ ამერიკელებს, მათი სოციალური სტატუსის მიუხედავად, თითოეულს 1200 დოლარი გადაეცათ. მაგრამ ეს არ არის „უპირობო საბაზისო შემოსავალი“, როგორც ეს ჟურნალისტებმა შეცდომით განაცხადეს, არამედ ფულის ერთჯერადი განაწილებაა. კლაუს შვაბის წინადადებას „უპირობო საბაზისო შემოსავლის“ შესახებ, ზოგიერთებმა რბილად უწოდეს „შეცდომა“ ან „უტოპია“, სხვებმა უფრო მკაცრად შეაფასეს ის და მოიხსენიეს, როგორც „მოტყუება“ და „დემაგოგია“.

შვაბის პროექტში არსებობს სხვა „სოციალური ამორტიზატორებიც“. მაგალითად, ის ფრთხილად, მაგრამ „მეცნიერულად არგუმენტირებულად“ (ე.ი., ჩვეულებრივი მალთუსიანელობისა და ნეომალთუსიანელობის სულისკვეთებით) საუბრობს პლანეტაზე მოსახლეობის სიჭარბეზე. ვითომ საჭირო იყოს კონტროლის შემოღება დემოგრაფიულ პროცესებზე და მოსახლეობის რაოდენობის გეგმაზომიერი შემცირების მიღწევა. პროფესორი ძალიან წუხს პლანეტა დედამიწის ბუნებრივ რესურსებსა და გარემოზე. მათი კონსერვაციისა და დაცვის შესახებ წინადადებები საკმარისზე მეტია. მაგალითად, ადამიანებმა უნდა შეზღუდონ თავიანთი საჭიროებები და მოხმარება. ის არ მოუწოდებს მდიდრებს უარი თქვან სუპერრეაქტიულ თვითმფრინავებსა ან ზეძვირადღირებულ იახტებზე. ის, უპირველეს ყოვლისა, რჩევით მიმართავს მოსახლეობის დანარჩენ 99%-ს. მაგალითად, რეკომენდაციას იძლევა უარი ვთქვათ ხორცის მოხმარებაზე. მისი აზრით, თურმე ნაკელი, როგორც მეცხოველეობის დარგის გარდაუვალი ნარჩენი, წარმოქმნის გამონაბოლქვს... სასათბურე აირებს. ეს კი, თავის მხრივ, ათბობს ატმოსფეროს და ხელს უწყობენ პლანეტაზე კლიმატის ცვლილებას.

კლაუს შვაბის წიგნის კითხვისას ჩნდება შთაბეჭდილება იმისა, რომ პროფესორის მიერ დაპირებული „ნათელი მომავალი“ უკვე წარსულს ჩაბარდა. ის რაღაცნაირად პირდაპირ უნისონშია კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის „კომუნისტური პარტიის მანიფესტის“ (1848) იდეებთან, ან კიდევ „სამხედრო კომუნიზმის“ ეკონომიკურ მოდელთან, რომელიც რუსეთში არსებობდა რევოლუციის შემდეგ 1918–1921 წლებში. შვაბის მიერ შემოთავაზებული სქემა ძალიან ჰგავს მესამე რეიხის ეკონომიკის კონსტრუქციას, რომელიც გიგანტურ კორპორაციებს ემყარებოდა. მესამე რეიხის კორპორაციებს ნამდვილად არ ჰქონიათ მიზნად მოგების მიღება. მაგრამ ისინი არც გერმანელ ხალხს ემსახურებოდნენ. მათთვის უმაღლესი მიზანი გერმანიის ინტერესები იყო: Deutschland über alles. თუ უფრო ჩავუღრმავდებით, მაშინ „გერმანია უპირველეს ყოვლისა“ აბრის მიღმა იდგა მესამე რეიხის თავკაცთა ინტერესები. ინტერესები ნამდვილად არ იყო ეკონომიკური. ელიტას წყუროდა მსოფლიო ძალაუფლება.

სტეიკჰოლდერთა კორპორაციებზე კლაუს შვაბის რიტორიკის მიღმა მსოფლიო ელიტის ინტერესები იმალება. მას ნამდვილად არ ჭირდება მოგება. მათ სურთ მსოფლიოს ბატონ-პატრონები გახდნენ. „საოცარი ახალი სამყარო“ - მონათმფლობელური წყობილებაა, ხოლო ასეთ სისტემაში არა მხოლოდ მოგება, ფულიც კი ანაქრონიზმი ხდება.

მაშასადამე, კლაუს შვაბის წიგნი "COVID-19: The Great Reboot" არის იაფი, მაგრამ ძალზე საშიში რიტორიკა, რომელიც შექმნილია კაცობრიობის ყურადღების მოსადუნებლად. „დიდი გადატვირთვის“ პროექტში ერთადერთი „დაინტერესებული მხარე“ მსოფლიო ელიტაა, რომელმაც კლაუს შვაბს მისცა სოციალური შეკვეთა პროექტის მომზადებისა და მისი პოპულარიზაციისთვის.

ამჟამად, კლაუს შვაბი თავის წიგნში, სტატიებსა და გამოსვლებში აცხადებს, რომ ნახევარი საუკუნის წინათ, 1971 წელს, მან შექმნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მხოლოდ იმისათვის, რათა დაეწყო მომზადება „კაპიტალიზმის რადიკალური რეფორმირებისათვის“, „დიადი გადატვირთვისათვის“, „ზემოდან რევოლუციისათვის“. აქ პროფესორმა აშკარად წაიტრაბახა. ასეთი რევოლუციის მომზადება დაიწყეს ჯერ კიდევ ბევრად ადრე, სანამ ის გაჩნდებოდა ამ ქვეყნად (შვაბი დაიბადა 1938 წელს). მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ ცნობილი ინგლისელი მწერალი ჰერბერტ უელსი. ბევრი ფიქრობს, რომ უელსი დაკავებული იყო რომანებისა და მოთხრობების წერით ფანტასტიკის ჟანრში. სინამდვილეში, ის იყო ბრიტანული ინტელექტუალური და პოლიტიკური ელიტის ნაწილი და მუდმივად ფიქრობდა იმაზე, თუ „როგორ უნდა გამხდარიყო სამყარო უკეთესი“. რა თქმა უნდა, ანგლოსაქსონური ელიტის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, დროდადრო ის ქმნიდა ნაშრომებს, რომლებიც შორსაა მხატვრული ლიტერატურიდან. ამასთან, ბევრი რამ ჩვენი მკითხველისათვის ჯერ კიდევ უცნობია. მაგალითად, 1928 წელს მან დაწერა მცირე მოცულობის წიგნი სახელწოდებით "The Open Conspiracy" („ღია შეთქმულება“).

ჰერბერტ უელსის „ღია შეთქმულების“ პროფესორ კლაუს შვაბის „დიად გადატვირთვასთან“ შედარებისას აშკარად ჩანს, რომ მსოფლიო ელიტის გეგმები მსოფლიოს ეკონომიკური და პოლიტიკური გარდაქმნის თაობაზე თითქმის 90 წლის მანძილზე მცირედით თუ შეიცვალა. თუმცა, დღეს მსოფლიო ელიტა მოქმედებს უფრო თავხედურად და უფრო ღიად. სინამდვილეში, კლაუს შვაბის წიგნს ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე შეიძლება ვუწოდოთ „ღია შეთქმულება“.

„ინკლუზიური კაპიტალიზმის“ [1] ქვეშ, კლაუს შვაბი [2] გულისხმობს ისეთ სოციალურ-ეკონომიკურ მოდელს, რომელშიც გადაიზრდება არსებული კაპიტალიზმი, მაგრამ ამავე დროს რჩება კაპიტალიზმად.

არსებული კაპიტალიზმი ჩაისახა სამი-ოთხი საუკუნის წინათ, ისტორიის მანძილზე ის არაერთხელ შეიცვალა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში კაპიტალიზმმა დაიწყო თავისუფალი კონკურენციის სტადიიდან მონოპოლიზმის სტადიაში გადაზრდა. XX საუკუნეში ადგილი ჰქონდა სახელმწიფოსა და მონოპოლიის შერწყმას, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა სახელმწიფო-მონოპოლისტური კაპიტალიზმი. პირველი ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, კაპიტალიზმი ხასიათდებოდა სახელმწიფოს ძლიერი ჩარევით ეკონომიკაში, კეინზიანელობის იდეს გავლენით.

1980-იან წლებში დაიწყო კეინზიანელობის გამოდევნა ეკონომიკური ლიბერალიზმით, რომლის ძირითადი იდეაა: 1) ეკონომიკაში სახელმწიფოს მონაწილეობის მინიმიზაცია, ბაზრის, როგორც სამეურნეო ცხოვრების ავტომატური რეგულირების მექანიზმის იმედად ყოფნა; 2) კერძო ბიზნესის ფოკუსირება მოგების მაქსიმიზაციაზე კაპიტალის მესაკუთრეების (აქციონერების) ინტერესებიდან გამომდინარე.

ამგვარი კაპიტალიზმის კონცეფცია ყველაზე გულახდილად ჩამოაყალიბა ამერიკელმა ეკონომისტმა მილტონ ფრიდმანმა (1912-2006). 1976 წელს ის ალფრედ ნობელის სახელობის პრემიითაც კი დაჯილდოვდა ეკონომიკაში. ფრიდმანი პირდაპირ აცხადებდა იმას, რის თქმასაც სხვები ერიდებოდნენ: არავითარი სხვა პასუხისმგებლობა ბიზნესს, გარდა მესაკუთრეების (აქციონერების) მიერ მაქსიმალური მოგების მიღებისა, არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს, ხოლო ნებისმიერი საუბარი „სოციალურ პასუხისმგებლობაზე“ - მხოლოდ ლაყბობაა. მილტონ ფრიდმანს უყვარდა შემდეგი ფრაზის განმეორება: „ბიზნესის ბიზნესს წარმოადგენს ბიზნესი“. ეს ძალიან თვალნათლივაა გადმოცემული მის 1970 წლის სტატიაში „ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარი მოგების ზრდაა“ (The Social Responsibility of Business is to Increase its Profits) [3].    

ამ სტატიის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ კლაუს შვაბმა განაცხადა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შექმნის თაობაზე (მაშინ მას მენეჯმენტის ევროპული ფორუმი ეწოდებოდა). 1973 წელს შვაბი გამოვიდა მანიფესტით, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ბიზნეს-კომპანიები არა მხოლოდ მოგებაზე უნდა ზრუნავდნენ, არამედ აქციონერების ინტერესებისათვისაც უნდა მუშაობდნენ. ეს იყო მონახაზი იმისა, რასაც შემდგომ „ინკლუზიური კაპიტალიზმი“, ანუ „ყველა დაინტერესებული მხარის კაპიტალიზმი“ (stakeholder capitalism) ეწოდა [4].

შვაბი ამბობს, რომ „ცივილიზებულ სამყაროს“ (შვაბის აზრით, დასავლურ სამყაროს) 1970-იან წლებში რომ გადაედგა ნაბიჯი „ინკლუზიური კაპიტალიზმის“ მიმართულებით, მაშინ, ალბათ, დღეს მსოფლიო ეკონომიკაში საქმე უკეთესად იქნებოდა.

თუმცა, არ ღირს გავაზვიადოთ ფრიდმანსა და შვაბს შორის წინააღმდეგობის ხარისხი, ისინი არ არიან ანტაგონისტები, მათ უბრალოდ სხვადასხვა წარმოადგენა აქვთ იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეს კაპიტალიზმი უფრო ეფექტიანი. ხოლო რაც შეეხება „სრულყოფილი“ კაპიტალიზმის დამყარების საშუალებებს, მათ საერთოდ სრულად ერთნაირი ხედვები გააჩნიათ.

მილტონ ფრიდმანი საუბრობს „შოკურ თერაპიაზე“. აქ უნდა გავიხსენოთ 2007 წელს გამოსული წიგნი „შოკის დოქტრინა: კატასტროფის კაპიტალიზმის აღზევება“ (The Shock Doctrine: The Rise of Disaster Capitalism), რომლის ავტორია ნაომი კლაინი - კანადელი ჟურნალისტი და სოციოლოგი. შოკის დოქტრინა - ხერხების უნივერსალური ნაკრებია, რომელთა დახმარებითაც ელიტები მანევრირებენ, ახდენენ საზოგადოების გადაწყობას მათთვის სასურველი მიმართულებით. მილტონ ფრიდმანმა შოკების დოქტრინებისა და ტექნიკების შემუშავებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მილტონ ფრიდმანის შოკური თერაპიის ფილოსოფია შეიცავს იმის აღწერას, თუ როგორი მანიპულაციები უნდა ჩაუტარდეს „საცდელ პაციენტს“ - ეკონომიკას. პირველი, უნდა გაუქმდეს ყველა კანონი და ნორმა, რომლებიც ზღუდავს კაპიტალისტის თავისუფლებას აკეთოს ფული, დააგროვოს კაპიტალი; მეორე, უნდა მოხდეს ნებისმიერი მომგებიანი სახელმწიფო აქტივების პრივატიზაცია; მესამე, გადასახადების დიდი ნაწილი კაპიტალისტებს უნდა მოეხსნათ. ერთდროულად უნდა მოხდეს ყველა სოციალური პროგრამის ლიკვიდაცია, რომლებიც ამ გადასახადებით ფინანსდება.

წინააღმდეგობები, რომლებიც ფრიდმანის შემთხვევაში არსებობს, მას არ აწუხებს. მაგალითად, კანონების გაუქმება, რომლებიც ხელს უშლის ფულის გამომუშავებას, მიანიშნებს იმაზე, რომ უნდა გაუქმდეს ანტიმონოპოლური კანონებიც, ხოლო იქ, სადაც არის მონოპოლია, არ არსებობს „სამართლიანი“ ფასები და, შესაბამისად, არ არსებობს თავისუფალი ბაზარიც.

არ არის აუცილებელი ფრიდმანის მსგავსად იყოთ ეკონომიკის პროფესორი ელემენტარული საკითხის გასაგებად: თუ ეკონომიკას ჩამოშორდება სახელმწიფო, მის ნაცვლად მონოპოლიები მოვლენ - ტრესტები, კონცერნები, სინდიკატები, კარტელები. ფრიდმანი სწორედ მათ ემსახურებოდა.

როგორ შეიძლება მილტონ ფრიდმანის შედარება კლაუს შვაბთან, რომელიც საუბრობს კორპორაციების „სოციალურ პასუხისმგებლობაზე“, კორპორაციების მიერ ყველა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებაზე, მომავალ თაობებზე ზრუნვის აუცილებლობაზე? შეიძლება.

„პანდემია“, ამტკიცებს კლაუს შვაბი, ფართოდ უხსნის კარებს ახალ ეპოქას. წინ არის „ინკლუზიური“ კაპიტალიზმი - ახალი უტოპია, რომელშიც, ვთქვათ, მშრომელები არ გამოირიცხებიან საზოგადოებრივი სიმდიდრის სამართლიანი წილის მიმღებთა სიიდან, არამედ ამ რიცხვში შედიან. კლაუს შვაბი წერს: „მწვავეა ორ ჯგუფს (გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოებას) შორის დესინქრონიზაციის პრობლემა, რომელთა ჰორიზონტი ძალიან განსხვავებულია და მასთან გამკლავება პანდემიის ფონზე რთული იქნება. შოკის სისწრაფე და მიყენებული ტკივილის სიღრმე შეუდარებელია საკითხის პოლიტიკურ მხარესთან“. ნაცნობი სიტყვებია: ნამდვილად შოკისმომგვრელია! კლაუს შვაბში ამას მილტონ ფრიდმანი ამბობს.

შვაბი ღიად ავალებს პოლიტიკოსებს, არ შეარბილონ შეზღუდვები და მოუწოდებს მათ არ მოხსნან კარანტინი, როგორ წინააღმდეგობასაც არ უნდა წააწყდნენ ისინი. უფრო მეტიც - ხაზს უსვამს შვაბი, - დაუმორჩილებლების წინააღმდეგობა უნდა ჩაახშონ და საამისოდ უამრავი საშუალება არსებობს. არავის არ უნდა ეპარებოდეს ეჭვიც კი - ნორმალური ცხოვრების დაბრუნებაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ეს არ მოხდება, რადგან ეს ვერასოდეს იქნება! შვაბი აქ აშკარად ცინიკურია [5].

შემთხვევითი არაა, რომ ნორვეგიელმა პოლიტოლოგმა პოლ სტეიგანმა, რომელმაც შეაფასა კლაუს შვაბის „დიადი გადატვირთვა“, მას „ახალი სახით ფაშიზმის აღზევება“ უწოდა [6].

ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, მსოფლიო ეკონომიკა და არსებული მსოფლიო სავალუტო სისტემა, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. მსოფლიო ვალუტების მასა იზრდება ისე, როგორ წვიმის შემდეგ სოკოები. ოთხი ცენტრალური ბანკის - აშშ-ს ფედ-ის, ევროპის ცენტრალური ბანკის, იაპონიის ბანკისა და ჩინეთის სახალხო ბანკის ერთობლივი აქტივები 2021 წლის იანვრის ბოლოსათვის ფასდებოდა 28,8 ტრლნ დოლარის ოდენობით [7]. 2020 წლის იანვრის ბოლოსათვის არსებულ მაჩვენებელთან შედარებით ნაზრდმა 44% შეადგინა. ასეთი მთელი ათწლეულების მანძილზე არ ყოფილა.

2007 წლის დასაწყისისათვის ოთხი მითითებული ცენტრალური ბანკის ერთობლივი აქტივები შეადგენდა 5 ტრლნ დოლარს, 14 წლის განმავლობაში ისინი 5,8-ჯერ გაიზარდა! ეს გიგანტური ფულადი მასა გამოიყენება ფინანსური საპნის ბუშტების გასაბერად მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე. იქმნება მაცდური შთაბეჭდილება იმისა, რომ არავითარ ინფლაციას არ აქვს ადგილი, ვინაიდან ფასები სასაქონლო ბაზრებზე იზრდება ნელა ან საერთოდ არ იზრდება, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მონეტარული კეთილდღეობის ილუზიაა. ადრე თუ გვიან მოხდება ფინანსური ბუშტების კოლაფსი, ჭარბი ფულადი მასა მიაწყდება სასაქონლო ბაზრებს. წარმოიქმნება ჰიპერინფლაცია და ვალუტების უსწრაფესი გაუფასურება.

შეიძლება ვიკამათოდ იმაზე, თუ როდის მოხდება ეს, მაგრამ პოლიტიკოსები და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები უკვე ამზადებებ სათადარიგო აეროდრომებს, სადაც შეიძლება გადაადგილდნენ ტრადიციული ვალუტების ჩამოშლის შემთხვევაში. ამგვარი გადაადგილების მიმართულებას წარმოადგენს აგრეთვე ოქროს სტანდარტის აღდგენა და ციფრული ვალუტების შექმნა, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მიმართულება. ესაა ერთიანი მსოფლიო ვალუტის ვარიანტი. ამაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს.

ჯერ კიდევ 1944 წელს საერთაშორისო კონფერენციაზე ბრეტონ-ვუდსში ინგლისის დელეგაციის მეთაურმა ჯონ კეინზმა მონაწილეებს შესთავაზა ომისშემდგომი სავალუტო-საფინანსო სისტემის შექმნა ბანკორის - ზენაციონალური ვალუტის საფუძველზე, რომლის ემისიასაც მოახდენდა საერთაშორისო საკლირინგო პალატა. ბანკორი უნდა ყოფილიყო ეროვნული ვალუტების დამატება, შემდეგ კი სრულად გამოდევნიდა მათ. მაშინ კეინზის წინადადება არ იქნა მიღებული. მსოფლიო სავალუტო-საფინანსო სისტემის აგება დაიწყეს ოქრო-დოლარის სტანდარტის საფუძველზე, რომელიც შემოთავაზებულ იქნა აშშ-ის დელეგეაციის მიერ.  

ბრეტონ-ვუდსის კონფერენციის შემდეგ მეოთხედმა საუკუნემ განვლო და მოულოდნელად კეინზის შემოთავაზების განხორციელება დაიწყო ცხოვრებაში. მხედველობაში გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ე.წ. სესხის მიღების სპეციალური უფლების (Special Drawing Rights, SDR) პარტიის ემისია. ის სინამდვილეში წარმოადგენდა პირობით ერთეულს, ვინაიდან მხოლოდ უნაღდო ფორმით არსებობდა. მთავარი ისაა, რომ ის არ წარმოადგენდა უნივერსალურ ფულს. SDR-ი წარმოდგენილ იქნა, როგორც სარეზერვო ვალუტა, რომლითაც სარგებლობა შეეძლოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრ ქვეყნებს თავიანთი საერთაშორისო რეზერვების ფორმირებისათვის (ოქროსა და აშშ-ის დოლარზე დამატებით), აგრეთვე ერთი ქვეყნის მონეტარული ხელისუფლების მიერ სხვა ქვეყნების მონეტარული ხელისუფლებების მიმართ ვალდებულებების შესასრულებლად. მაგრამ ფულადი ერთეული SDR-ი არ შეიძლებოდა გამოყენებულიყო კერძო კორპორაციებისა და ბანკების მიერ სასაქონლო და ფინანსურ ბაზრებზე ოპერაციებისათვის და ის, მით უფრო, ხელმიუწვდომელი იყო ფიზიკური პირებისათვის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს SDR-ზე შეთანხმებას 1969 წლის დასაწყისში, 1969 წლის შუა პერიოდში ის ძალაში შევიდა. SDR-ის ემისია დაიწყეს 1970 წლის 1 იანვარს და სამი წელი გაგრძელდა (ეს იყო SDR-ის პირველი განაწილება). 1970-1972 წლებში გამოშვებულ იქნა 9,3 მლრდ ერთეულის SDR, რომელიც მაშინ უტოლდებოდა აშშ-ის დოლარს (1 SDR=1 აშშ დოლარს), ხოლო ოქროს შემცველობა ახალ ერთეულში განისაზღვრებოდა გამომდინარე პროპორციიდან: 1 ტრუას უნცია ოქრო = 35 SDR. მითითებული თანხის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ანაწილებდა SDR-ს ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნებს შორის, ფონდის კაპიტალში მათი კვოტების პროპორციულად. ემიტირებული SDR-ის დასახელებული მოცულობიდან (9,3 მლრდ ერთეული) თითქმის 7 მლრდ განაწილდა ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს შორის. 400 მლნ-ზე ოდნავ მეტი მიიღო ნავთობის ექსპორტიორმა განვითარებადმა 12-მა ქვეყანამ. დანარჩენმა 100-მა განვითარებადმა ქვეყანამ მიიღო 2 მლრდ ერთეულზე ნაკლები.

გვიყალიბდება იმის შეგრძნება, რომ ნახევარი საუკუნის წინათ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ SDR-ის გატარებული ემისია საცდელი პროექტი იყო. მოხდა ოქრო-დოლარის სტანდარტის შეცვლის ერთ-ერთი ვარიანტის ტესტირება [8]. მაგრამ ვალუტა SDR ვერ გახდა ასეთი შემცვლელი. 1976 წელს იამაიკის კონფერენციაზე გამოცხადდა ქაღალდის დოლარის სტანდარტზე გადასვლა.

SDR-ის ემისია განახლდა 1979 წელს და გრძელდებოდა სამი წელი (SDR-ის მეორე განაწილება - 4 მლრდ წელიწადში). ჯამში, 1970 წლიდან მოყოლებული ემიტირებული SDR-ის საერთო მოცულობამ 21,4 მლრდ ერთეული შეადგინა, რომელიც განაწილებულ იქნა ფონდის 143 წევრ-ქვეყანას შორის. 1981 წლის ბოლოს ეს თანხა შეადგენდა მთელი მსოფლიო სავალუტო რეზერვის 5,5%-ს, ოქროს ჩაუთვლელად. ამ დროს ეკონომიკურად განვითარებულმა ქვეყნებმა მიიღო განაწილებული SDR-ის საერთო რაოდენობის 2/3-ზე მეტი, მათ შორის, აშშ-მა - 23%, იმდენივე, რამდენიც მიიღო 100-მა განვითარებადმა ქვეყანამ.

ალბათ, SDR-ის ემისია 1979-1981 წლებში (მეორე განაწილება) ხორციელდებოდა ქვედაზღვევის სახით. საქმე ისაა, რომ აშშ-ის დოლარის აღზევება ერთადერთი მსოფლიო ვალუტის კვარცხლბეკზე ძალზე რთული ოპერაცია იყო. ზოგჯერ წარმოიქმნებოდა საშიშროება იმისა, რომ დოლარი ჩამოიშლებოდა და იამაიკის კონფერენციის მთელი გადაწყვეტილება წყალში ჩაიყრებოდა. მაგალითად, 1980 წლის იანვარში ოქროზე ფასი აღწევდა 850 დოლარამდე ერთ ტრუას უნციაზე. ოქრო, რომელსაც არ სურდა ფულის სამყაროდან წასვლა, მზად იყო დოლარის, როგორც კონკურენტის გასანადგურებლად.

მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, დოლარმა დაიკავა მისთვის დაგეგმილი ადგილი და SDR-ის ემისიაში წარმოიქმნა დიდი პაუზა. ის გაგრძელდა 2009 წლის 28 აგვისტომდე, როცა ფონდის მიერ განხორციელდა მესამე, SDR-ის მომენტალური განაწილება 161,2 მლრდ ერთეულის ოდენობით. ერთ დღეში SDR-ის საერთო მასა თითქმის რვაჯერ გაიზარდა! ოდნავ მოგვიანებით (2009 წლის 9 სექტემბერს) გატარდა კიდევ ერთი, მეოთხე განაწილება, ასევე ერთჯერადი, 21,5 მლრდ SDR-ის ოდენობით. საბოლოოდ, SDR-ის ემიტირებული ვალუტის საერთი მოცულობამ 204,1 მლრდ ერთეული შეადგინა.      

SDR-ის მესამე და მეოთხე განაწილების მასშტაბურობა და ვადიანობა აიხსნება იმით, რომ არსებობდა ფინანსური კრიზისის მსოფლიო სავალუტო კრიზისში გადაზრდის რისკი. SDR-ის ემისია არსებითი დაზღვევა იყო იმ ქვეყნებისათვის, რომელთა სავალუტო რეზერვები ამოწურვის პირას იმყოფებოდა.

მიმდინარეობს მეთორმეტე წელი იმ დროის შემდეგ, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბოლოჯერ განახორციელა SDR-ის ემისია. დღეს სავალუტო-საფინანსო სამყაროში სიტუაცია უარესია, ვიდრე 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის დროს. ყველა ელოდება SDR-ის მეხუთე განაწილებას.

22 თებერვალს გამომცემლობამ The Daily Reckoning გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით The Great Reset is Here (დიადი გადატვირთვა დაიწყო) [9]. პუბლიკაციის ავტორია ჯეიმს რიკარდსი - ეკონომისტი, იურისტი, Omnis, Inc.-ის მთავარი მმართველი დირექტორი ბაზრის კვლევის განხრით. ჯეიმს რიკარდსი იყო მთავარი სამთავრობო მომლაპარაკებელი ჰეჯგიგანტის Long Term Capital Management-ის გადარჩენის მომენტში 1998 წელს. ის ავტორია წიგნის The Road to Ruin: The Global Elites' Secret Plan for the Next Financial Crisis (გზა დაღუპვისკენ: გლობალური ელიტების საიდუმლო გეგმა შემდგომი ფინანსური კრიზისის ორგანიზებაში), რომელიც გამოვიდა 2016 წელს.  

რიკარდსის სტატიის დიდი ნაწილი ეძღვნება SDR-ს. თუ ავტორს დავუჯერებთ, 2009 წლის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდი აგრძელებდა ამ ზენაციონალური ვალუტის უფრო ფართო გამოყენების მიზნით მზადებას. განიხილებოდა SDR-ისადმი ხელმისაწვდომობის სხვადასხვა ვარიანტი, გარდა მონეტარული ხელისუფლებისა, კერძო კომპანიებისა და ბანკების მიერ. აი, რას წერს რიკარდსი: „07.01.2011 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოსცა SDR-ით დოლარის შეცვლის გენერალური გეგმა. ის მოიცავს SDR-ის ობლიგაციების ბაზრის შექმნას, SDR-ის დილერების შექმნას და დამხმარე მექანიზმების შექმნას, როგორიცაა რეპო ოპერაციები, დერივატივები, ანგარიშსწორებისა და კლირინგის არხები, აგრეთვე ობლიგაციების ლიკვიდური ბაზრის მთელი აპარატი“. 

ამ დროს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო დომინიკ სტროს-კანი. აღნიშნული გეგმის გამჟღავნების შემდეგ ოთხ თვეში, 2011 წლის მაისში, სროს-კანმა დაკარგა თავისი სავარძელი. ეს არცაა გასაკვირი: გეგმა უკიდურესად სახიფათო იყო აშშ-ის დოლარისათვის. SDR-ის გამოშვება ივარაუდებოდა არა დოლარისადმი დამატებით საშუალებად, არამედ მის შემცვლელად. ფედ-ის საბეჭდი მანქანის მეპატრონეები გაუმკლავდნენ სტროს-კანს [10]. 

მაგრამ, ამჟამად მრავალი ფინანსისტი და პოლიტიკოსი სულ უფრო ხმამაღლა აცხადებს აშშ-ის დოლარის შეცვლის მოძიების აუცილებლობაზე. მაგალითად, 2019 წლის აგვისტოში ამის შესახებ ჯეკსონ-ჰოულის (აშშ) ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განაცხადა ინგლისის ბანკის მეთაურმა მარკ კარნიმ. ვფიქრობთ, მისმა განცხადებამ ენთუზიაზმი შესძინა რეფორმების იმ მომხრეებს, რომლებიც ფსონს დებენ SDR-ზე. 

ჯეიმს რიკარდსი წერს, რომ სწორედ SDR-ი წარმოადგენს აშშ-ის დოლარის საუკეთესო ალტერნატივას: „SDR-ი შეიძლება გამოშვებულ იქნეს დიდი რაოდენობით საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრებისათვის და მომავალში ის გამოყენებული იქნება მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციების შერჩეული ჩამონათვალისთვის, მათ შორის, საგადასხდელო ბალანსის მიხედვით ანგარიშსწორების, ნავთობზე ფასწარმოქმნის და უმსხვილესი მსოფლიო კორპორაციების ფინანსური ანგარიშების მიხედვით, როგორიცაა Exxon Mobil, Toyota და Royal Dutch Shell“. 

რიკარდს ხელი მიუწვდება დახურულ წყაროებზე და ის გვაუწყებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის გეგმებზე SDR-ის ემისიის თაობაზე, რომელთა აფიშირება არსად არ ხდება: „საერთაშორისო სავალუტო ფონდი გეგმავს მოახდინოს ახალი SDR-ის გამოშვება 500 მლრდ ერთეულით, თუმცა ზოგიერთი სენატორი-დემოკრატები ლობირებენ SDR-ს 2 ტრლნ და მეტი ერთეულით. ეს თითქმის ცხრაჯერ მეტია, ვიდრე SDR-ის რაოდენობა, რომელიც 2009 წელს იქნა გამოშვებული და მას დიდი მნიშვნელობა ექნება SDR-ის ლიკვიდურობის გასაზრდელად და გლობალისტური პროგრამების წინ წასაწევად, აშშ-ის დოლარის SDR-ით, როგორც წამყვანი სარეზერვო აქტივით შეცვლის თვალსაზრისით“.

SDR-ის ემისიის გაფართოებისა და გამოყენების სფეროს გეგმებს რიკარდსი უკავშირებს კლაუს შვაბის „დიადი გადატვირთვის“ გეგმას [11]. მისი აზრით, ეს ვალუტა მნიშვნელოვანწილად იქნება გამოყვანილი ეროვნული სახელმწიფოების კონტროლიდან და მიმართული იქნება, მათ შორის, მსოფლიო ეკონომიკის დეკარბონიზაციისკენ: „შემდგომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ ვნახავთ SDR-ის გამოშვებას საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, როგორიცაა გაერო და მსოფლიო ბანკი, რომლებიც დაიხარჯება კლიმატის ცვლილებების ინფრასტრუქტურაზე და ელიტებისათვის სხვა საყვარელ პროექტებზე, რომელიმე დემოკრატიულად არჩეული ორგანოების მხრიდან ზედამხედველობის გარეშე“.

ამგვარად, თანამედროვე ვირუსულ-ეკონომიკური, განასაკუთრებით, სავალუტო კრიზისის ფონზე სულ უფრო რეალური ხდება კლაუს შვაბისეული „დიადი გადატვირთვის“ გეგმის გლობალური მასშტაბით ცხოვრებაში განხორციელება, რაც პოლ სტეიგანის სიტყვებით რომ ვთქვათ, სხვა არაფერია, თუ არა „ახალი სახით ფაშიზმის აღზევება“ [6]. 

გამოყენებული ლიტერატურა: 

  1. https://www.fondsk.ru/news/2020/12/21/inkljuzivnyj-kapitalizm-kak-ideologija-velikoj-perestrojki-52523.html
  2. https://www.fondsk.ru/news/2020/12/29/o-kapitalizme-stejkholderov-52576.html
  3. http://umich.edu/~thecore/doc/Friedman.pdf
  4. https://www.fondsk.ru/news/2020/12/29/o-kapitalizme-stejkholderov-52576.html
  5. https://www.pnp.ru/politics/geopoliticheskaya-osnova-budushhego-rossii.html
  6. https://steigan.no/2020/12/covid-19-er-en-klassekrig/
  7. https://www.yardeni.com/pub/peacockfedecbassets.pdf
  8. https://www.fondsk.ru/news/2019/10/19/v-planah-rotshildov-esche-raz-navjazat-miru-zolotoj-standart-49265.html
  9. https://dailyreckoning.com/the-great-reset-is-here/
  10. https://www.fondsk.ru/news/2011/07/26/k-voprosu-o-rasprave-nad-stross-kanom-4095.html
  11. https://www.fondsk.ru/news/2020/12/19/covid-19-nachalo-velikoj-perestrojki-52510.html